"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველთა პროგრამის კორექტირებას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქციის" წევრმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშიამ ფრაქციის მიერ შემუშავებული ხუთი ინიციატივა წარმოადგინა. კერძოდ კი, საჭიროა სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებში დახმარების ობიექტი დედაც იყოს, რაც დღემდე არ ხდება და 20 ლარიან დახმარებას მხოლოდ ბავშვები იღებენ.
ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატები" მრავალშვილიან ოჯახებისთვის კომუნალურ გადასახადებზე დამატებითი შეღავათების დაწესებასაც ითხოვენ და აცხადებენ, რომ ზამთრის პერიოდში ისინი უნდა სარგებლობდნენ ვაუჩერებით გაზზე და ელექტროენერგიაზე, რადგან მათ ამ პერიოდში ხარჯი უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სხვა სოციალურად დაუცველებს.
"სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის განსხვავებული სარეიტინგო ქულებით უნდა დაწესდეს, კერძოდ, 70 ათასი ქულის ნაცვლად შეღავათიანი ქულა 100-150 ათასი უნდა იყოს.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ასევე ქალაქის ბიუჯეტში უნდა გამოიყოს თანხები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის სკოლის სახელმძღვანელოების შესაძენად და ასევე აღნიშნული ოჯახებისთვის საჭიროა სპეციალური საბინაო ფონდიც შეიქმნას", - აცხადებს სამუშია.
აღნიშნულ წინადადებებს "ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია" საკრებულოს სექტემბერში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვის დროს წარუდგენს.
საკრებულოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილეს მიაჩნია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ამ ინიციატივებისათვის თანხების გამოყოფა შესაძლებელია, თუმცა ქალაქის ხელმძღვანელობას "ქამრების მაგრად შემოჭერა" მოუწევს.
სულ თბილისში სოციალურ პროგრამაში 211 მრავალშვილიანი ოჯახი იმყოფება. არაოფიციალური მონაცემებით კი მათი რაოდენობა 3 ათასზე მეტია.