"რესპუბლიკური პარტია" დიღმის ტყე-პარკის მონაკვეთის საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გამოცხადებას აპროტესტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დიღმის ტყე-პარკში პარტიის წევრებმა თინათინ ხიდაშელმა და სოფიო ხორგუნმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს.
მათი განმარტებით, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერაქტიულ რუკაზე დიღმის ტყე-პარკში საზოგადოებრივი - საქმიანი ზონა არსებობს მხოლოდ 8 ჰექტარ ფართობზე, მაშინ როცა საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს ზონა ერთი ჰექტარით განისაზღვრა.
"საიდან გაჩნდა 8 ჰექტარი გასაყიდი ტერიტორიის ნუსხაში და რა სამართლებრივ საფუძველზე გადაიქცა ერთი ჰექტარი - ცხრად გაუგებარია. ეს კი წინააღმდეგობაშია საკრებულოს 2009 წლის 11 სექტემბრის ნომერ 10-24 გადაწყვეტილებასთან", - აცხადებს სოფიო ხორგუანი.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის საკრებულოს თავმჯდომარე იყო მოსახლეობას დიღმის ტყე-პარკის შენარჩუნებას დაპირდა.
ამასთან, თინათინ ხიდაშელმა თბილისის მერიას მოუწოდა ის სამართლებრივი აქტი გამოაქვეყნოს, რომლის ძალითაც ეს ცვლილება განხორციელდა.
"მოვითხოვთ, მერიამ მოგვაწოდოს ინფორმაცია, როდის და რა სახის სამშენებლო სამუშაოები იგეგმება დიღმის ტყე-პარკის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ტერიტორიაზე", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მან ასევე მოუწოდა ქალაქის ხელმძღვანელობას გამწვანების სპეციალურ ზონაში ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა შეაჩერონ, იზრუნონ ტყე-პარკის მოვლა-შენარჩუნებაზე, სარწყავი სისტემის გაყვანაზე, ხეების მკურნალობასა და სხვა.
ტყე -პარკის გაშენება 1939 წელს დაიწყო და 200 ჰექტარზე გაშენდა. დღეს კი დაახლოებით 75 ჰექტარია დარჩენილი. 2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ ტყე-პარკის ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი მიანიჭა.