საქართველოს ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით ხელისუფლების ორგანოების ფორმირება კვლავ რჩება ქართული სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად. აღნიშნული პრობლემის გადაჭრა, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების აქტიურობასა და ძალისხმევას მოითხოვს.
ამასთან, მნიშვნელოვანია პროცესში ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დისკუსიისა და მოლაპარაკების წარმართვას.
"ჩვენ მივესალმებით ნებისმიერი ორგანიზაციის სურვილს, ხელი შეუწყოს საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისათვის აუცილებელი საარჩევნო გარემოს ფორმირებას, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოში პოლიტიკური პროცესების განვითარება.
აღნიშნულ საკითხებზე ხელისუფლებასთან ურთიერთობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვისათვის საჭიროა ფასილიტაციის, საარჩევნო კოდექსის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი მექანიზმების ჩამოყალიბება. ამ შეხვედრებმა დაადასტურა, რომ აუცილებელია საარჩევნო კოდექსის თაობაზე მოლაპარაკების ახალ ფორმატზე შეთანხმება, რაც შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებაში მონაწილეობას მიიღებენ სამართლიანი საარჩევნო გარემოს ფორმირებით დაინტერესებული გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები", - ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.
განცხადებას ხელს 7 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს, კერძოდ კი "ეროვნული ფორუმი", "საქართველოს კონსერვატიული პარტია", "ახალი მემარჯვენეები", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია".