ახალი კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას ერთი კენჭისყრით შეძლებს. აღნიშნულ საკითხს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტი ითვალისწინებს. პროექტის საჯარო საზოგადოებრივი განხილვისათვის ერთთვიანი ვადა უკვე დაწყებულია, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან დღეს გაიმართა. შეხვედრისას პროექტის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებას, - პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს აქვს, კენჭისყრის შემდეგ კი საკითხი დასკვნისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
იმ შემთხვევაში თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პრეზიდენტის ქმედებაში არსებობს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნები ან კონსტიტუციის დარღვევა, დასკვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. ამას კი პარლამენტის არანაკლებ 2/3-ის თანხმობა სჭირდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონსტიტუციის პროექტის თანახმად, თუკი პარლამენტი ვერ მიიღებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას, მას ამ საკითხზე დაბრუნება აღარ შეეძლება.
ამ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ვინაიდან მისი თქმით, "პრეზიდენტი პარლამენტის მძევალი არ უნდა იყოს".
გარდა ამისა, კონსტიტუციის ახალი პროექტი ითვალისწინებს იმასაც, რომ პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურიდან ამოვარდნილია უზენაესი სასამართლოს წინასწარი დასკვნის აუცილებლობა.
დღეს მოქმედი ნორმით, პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს სწორედ უზენაესი სასამართლოს წინასწარი დასკვნის საფუძველზე. რაც კუბლაშვილის თქმით, გაუმართლებელია, ვინაიდან სასამართლო ასეთ შემთხვევაში საკითხის განხილვისას უკვე აღარ იხილავს არსებითად საკითხს და ვიდრე დაიწყება საქმის განხილვა სასამართლოს პოზიცია დაფიქსირებული აქვს.
შესაბამისად ეს მოთხოვნა ახალ კონსტიტუციაში აღარ იქნება. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტის განხილვა პარლამენტში საშემოდგომო სესიიდან დაიწყება.