საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო პროექტში ყველა საჭირო ცვლილება უკვე შევიდა და ამის შემდეგ საჭირო შესაძლოა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებების შეტანა გახდეს. ეს განცხადება ცისკარიშვილმა დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ 11 მაისს როდესაც საკონსტიტუციო პროექტის პირველი განხილვა შედგა. მაშინ პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი ვერ პასუხობდა ქვეყნისათვის დღეს არსებულ გამოწვევებს და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს საკითხი პრობლემას წარმოადგენდა. ცისკარიშვილი ასევე განმარტავდა, რომ პროექტში არ იყო გათვალისწინებული ქვეყნის საგარეო საკითხები და აღნიშნულ პროექტს პარლამენტში მხარდაჭერის მოპოვება გაუჭირდებოდა.
დღეს კი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ პროექტში ასამდე ცვლილებაა შესული აღნიშნული პრობლემები აღარ არსებობს. ცისკარიშვილის განცხადებით, საბაზისო პროექტიდან დღემდე პროექტი საკმაოდ დაიხვეწა და ბერლინის კონფერენციის შემდეგ მასში ასამდე ცვლილება შევიდა.
იმის დასტურად, რომ პროექტი უპასუხოდ არ ტოვებს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ დღეს არსებულ ვარიანტში პრეზიდენტი აღარ არის ისეთი ნომინალური ფიგურა როგორც ის საბაზისო პროექტში იყო და მას საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროში ახლა უკვე სათანადო გავლენები გააჩნია.
"საკონსტიტუციო პროექტის თავდაპირველი ვარიანტი კლასიკურ საპარლამენტო მმართველობას გულისხმობდა ახლა კი ის უფრო შერეული მმართველობის ტიპისაა. ეს კი უზრუნველყოფს დღეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას" - აცხადებს ცისკარიშვილი და დასძენს, რომ მას სურვილი აქვს საყოველთაო სახალხო განხილვების დროს მოხდეს საჭირო ცვლილებების შეტანა და პარლამენტში პროექტი უკვე მაქსიმალურად დახვეწილი შევიდეს.
თუმცა, ამასთან ერთად ცისკარიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ცვლილებები ალბათ უფრო ტექნიკური ხასიათის იქნება, ვინაიდან მისი თქმით "პრინციპების დონეზე პროექტი არ შეიცვლება".
შეგახსენებთ რომ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესში პირველი შეხვედრა დღეს პარლამენტში სამეცნიერო წრეებთან იმართება.