საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური მიხეილ სააკაშვილის ფინანსთა სამინისტროში შეხვედრისას გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის წარმოთქმულ სიტყვებს არავითარი კავშირი არა აქვს რომელიმე რასასთან და იგი არ ყოფილა გამოყენებული რასობრივი დისკრიმინაციის კონტექსტში.
"საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური წუხს, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმოთქმულ ქართულ გამონათქვამს, რომელიც, როგორც წესი, არ გამოიყენება და არც ამ შემთხვევაში ყოფილა გამოყენებული რასობრივ კონტექსტში, ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ შეგნებულად მიეცა არასწორი ინტერპრეტაცია და რასობრივი კონოტაცია", - ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 27 ივლისს, მიხეილ სააკაშვილმა ზოგიერთი საბაჟო გამშვებ პუნქტზე მომუშავე თანამშრომელი გააკრიტიკა: "აი, ვინ არცხვენს რესპუბლიკას, არ მინდოდა ამ სომხური გამონათქვამის გამოყენება, მაგრამ ასეა", - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა საბაჟო გამშვები პუნქტის არასათანადო მუშაობის კონტექსტში იკითხა: "ჩვენ რა, ზანგები ვართ?", - განაცხადა პრეზიდენტმა.