საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის უარყოფით კონტექსტში ედუარდ შევარდნაძის ძმის შვილი, ნუგზარ შევარდნაძე გაიხსენა. მისი თქმით, "ფინანსთა სამინისტროს შენობა რატომღაც ეკუთვნოდა ნუგზარ შევარდნაძეს, რომელიც მართავდა საქართველოს ეკონომიკის სფეროს, იჯდა უზარმაზარ შენობაში და მის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებდა". პრეზიდენტის განცხადებით, "მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და მაფიოზური, შავი ეკონომიკის კუბოში ბოლო ლურსმანია ჩარჭობილი". ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ფინანსთა სამინისტროში სტუმრობისას განაცხადა, სადაც მინისტრ კახა ბაინდურაშვილთან ერთად დეპარტამენტის ხელმძღვანელებიც იმყოფებოდნენ.
"გუშინ იყო შეხვედრა სასჯელაღსრულების სამინისტროში და იქ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ ჩვენ ორგანიზებული დანაშაული დავამარცხეთ საქართველოში და საქართველოს აღარ მართავენ კანონიერი ქურდები და კლანები. ყველაზე კლასიკური მაგალითი არის ეს შენობა, რომელიც რატომღაც ეკუთვმოდა ნუგზარ შევარდნაძეს, რომელიც მართავდა საქართველოს ეკონომიკის სფეროს, იჯდა ამ უზარმაზარ შენობაში და ვერაფერს ვერ გააკეთებდი მის გარეშე. მთავარი რაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო წლებში ის არის, რომ ეკონომიკა საქართველოში გათეთრდა და თეთრდება და ეს ნიშნავს იმას, რომ კანონიერ ქურდთან გასარჩევიც აღარაფერია. ბნელი და შავი ეკონომიკა არის ქურდებისთვის და საქართველოში ეს იყო 80 პროცენტი, ამიტომ 80 პროცენტს საქართველოში მართავდნენ ქურდები და ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ რეალურად მართლა საქართველოში მოხდა და ხდება კეონომიკის გათეთრება და ის, რომ ყველაფერი კომპიუტერიზირებული იქნება ეს იქნება ბოლო ლურსმანი ჩარჭობილი მაფიოზური შავი ეკონომიკის კუბოში და პირველად მოხდა ეს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს არ არის შემთხვევითი", - განაცხადა პრეზიდენტმა.