6 თებერვლის ღამეს, მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა, - ამის შესახებ სააკაშვილი ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ ,,ინტერფაქს-უკრაინას“ განუცხადა.
„მიხეილ სააკაშვილს ბრალი პროკურატურამ 5 დეკემბერს წაუყენა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადა 6 თებერვლის ღამეს იწურება და აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება. ამის შემდეგ სააკაშვილის მიმართ არანაირი შეზღუდვები არ მოქმედებს, გარდა იმისა, რომ მან, როგორც ეჭვმიტანილმა, უნდა მიიღოს უწყებები და გამოცხადდეს საგამოძიებო მოქმედებებზე“, - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად გენერალურმა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს და წარმოადგინოს არგუმენტები და მიზეზები, თუ რატომ დაირღვა აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების შუამდგომლობის ვადები.