ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 11 აპრილს გაიმართება.
ამავე განკარგულებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
აზერბაიჯანის მმართველმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ, პრეზიდენტობის კანდიდატად მოქმედი პრეზიდენტი უკვე დაასახელა. 2016 წლის სექტემბერში ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, აზერბაიჯანის პრეზიდენტს შვიდი წლის ვადით ირჩევენ.