მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები - ნინო მაჩაიძე და სალომე ჯიქია პალერმოს ოპერისა და ბალეტის თეატრში (“Teatro Massimo di Palermo”) იმღერებენ. ქართველი სოპრანოები ჯაკომო როსინის უკვდავ ოპერაში - „ვილჰელმ ტელი“ - მატილდას პარტიას სხვადასხვა შემადგენლობაში შეასრულებენ.
ნინო მაჩაიძე იტალიელი მსმენელის წინაშე 2018 წლის 23, 25, 28 და 31 იანვარს წარდგება, ხოლო სალომე ჯიქია - 27 და 30 იანვარს.
„ვილჰელმ ტელის“ პრემიერა 23 იანვარს შედგა და წარმოდგენები 31 იანვრამდე გაგრძელდება.
წარმოდგენები გაიმართება დამიანო მიქელეტოს რეჟისორობით, ხოლო ორკესტრს გაბრიელე ფერო უდირიჟორებს.
„ვილჰელმ ტელის“ პრემიერა 1829 წლის 3 აგვისტოს, Opera de Paris-ში შედგა. ოპერის ლიბრეტო ეყრდნობოდა ფრიდრიხ შილერის ამავე სახელწოდების პიესას. ოპერა გვიამბობს შვეიცარიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი შესანიშნავი მსროლელის - ვილჰელმ ტელის დაპირისპირების ისტორიას ავსტრიელ დამპყრობლებთან.
პალერმოს ოპერისა და ბალეტის თეატრი იტალიაში სიდიდით პირველი, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია პარიზის გრანდ ოპერისა და ვენის სახელმწიფო ოპერის შემდეგ. ამასთანავე, ის სახელგანთქმულია თავისი შესანიშნავი და გამორჩეული აკუსტიკით.