„ალდამოვი სხვადასხვა ინფორმაციებს მაწვდის. ამ ინფორმაციებიდან არ დასტურდება, რომ მან ჩატაევის საქართველოში ყოფნის და მისი კავშირების შესახებ იცოდა“, - ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს“ რუსლან ალდამოვის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა. ალდამოვმა დღეს მასთან დუმილის უფლება დაარღვია.
კუბლაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება ახლახანს დატოვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი შემთხვევითი მსხვერპლია.
„ალდამოვი იცნობდა ორ ლიკვიდირებულ პირს და ასევე, დაკავებულს, რომელიც პანკისში ნახა. პანკისში რამდენიმე თვიანი ყოფნის დროს, ისინი კარგად გაიცნო. ის ჩემთან საუბარში აცხადებს, რომ ტერორისტებს ყველაფერი ძალიან კარგად ჰქონდათ გამიზნული. ისინი პანკისში მშვენივრად ტრიალებდნენ და ადამიანების სხვადასხვა რესურსს იყენებდნენ. მაგალითად, ტელეფონი მათხოვეო, ეუბნებოდნენ სხვებს, რომ ფონს გასულიყვნენ.
ალდამოვს ვკითხე, თემირლანს როგორ დაახასიათებდი-მეთქი. საერთოდ არ უყვარდა საუბარი, რაღაცნაირი იყო, უბანშიც რომ იდგა, სხვებს უსმენდა, გულჩათხრობილი ბავშვი იყოო. ეს ბიჭები ამ სიტუაციის შემთხვევითი მსხვერპლები არიან“, - აცხადებს კუბლაშვილი.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სპეცოპერაციის დროს, დაზიანებები მიაყენეს.
„ჯერ მას ჩვენება არ მიუცია, მაგრამ ამბობს, რომ სპეცრაზმელი ისე უცნაურად მეკითხებოდა რა გქვიაო და ისეთი გაოცებული თვალებით მიყურებდნენ, ახლა ვფიქრობ და მგონია, რომ ჩემი მოკვლა უნდოდათო. მისი თქმით, როგორც კი გამოვიდა, ხელები აწია და ძირს დაწვა. ჩემი შვილი გარეთ რომ დავინახე, შემეშინდა,რამდენიმე ხანში, თავზე ჩამომაცვეს რაღაც შავი, ბავშვმა ეს ყველაფერი რომ დაინახა, ვამბობდი ჩემი შვილი გაიყვანეთ-მეთქიო.
როგორც ალდამოვი ამბობს, წოლის დროს მხარში ჩაარტყეს და დალურჯებებიც კი ჰქონდა. ამდენი ხანი რატომ არ მითხარი-მეთქი, ვკითხე. ეს ყველაფერი სახალხო დამცველის აპარატს მოვუყევი და აგრეთვე, პროკურორი იყო შემოსული, რომელმაც მკითხა, ვაპირებდი თუ არა, ამ საქმეზე რეაგირებასო, მე კი ვუთხარი, რომ ამასთან დაკავშირებით ადვოკატთან გავივლიდი კონსულტაციასო“, - დასძენს კუბლაშვილი.
ცნობისთვის, ალდამოვის ადვოკატმა რამდენიმე წუთის წინ, „ჯი-ეიჩ-ენს“ ექსკლუზიურად განუცხადა, რომ სპეცრაზმელებს მისი მოკვლა უნდოდათ და თემირლანი შეეშალათ.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 იანვარს შეუფარდა.