ავსტრიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ეუთოს გენერალურ მდივანთან მარკ ბრიშამბოსთან. შეხვედრა სრული ურთიერთგაგების გარემოში წარიმართა. საუბარი შეეხო ასტანაში დაგეგმილ ეუთოს სამიტს, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა, დააყენოს საქართველოს დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხი.
ეუთოს გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს კონსტრუქციულ მიდგომას საქართველო-რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის სურვილი გამოთქვა. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მონიტორინგის შესაძლებლობის მნიშვნელობას, როგორც უსაფრთხოების საკითხების, ასევე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.ეუთოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც სექტემბერში გაიმართება.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ფრიტც ნოიგებაუერთან. შეხვედრამ თბილ და კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა დეტალურად ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და თხოვნით მიმართა ფრიტც ნოიგებაუერს, რომ ავსტრიის პარლამენტმა განიხილოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტების აღიარების შესახებ რეზოლუციის მიღება.
ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობას, რომლის აუცილებელი პირობაა ქვეყნის დეოკუპაცია და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უპირობო დაბრუნება.
შეხვედრაზე საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილი გამოითქვა. ვიცე პრემიერ-მინისტრმა ფრიტც ნოიგებაუერს ავსტრიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ამასთან, ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.