ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, - ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტში სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.
,,აღმოვაჩინეთ საშიში აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული ნარკოგამსაღებლებზე. ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია”, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტების გაკეთება სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით.
“მარტივ მაგალითს მოგიყვანთ შეიძლება, რომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე ტრანზიტით გატანა ისჯებოდეს 100-ლარიანი ჯარიმით? ან შეიძლება. რომ არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200-ლარიანი ჯარიმით? ან მაღალი რისკის საქმიანობის წარმოებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანის სასჯელი იყოს 300 ლარი? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს, მხოლოდ ერთ კუთხეზე რომ შემსუბუქდეს ნარკორეალიზატორის სასჯელი, ეს არის საშიში. ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, სულ სხვა აქცენტებიაგასაკეთებელი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ.