საქართველოს ვიცე-პრემირმინისტრმა გიორგი ბარამიძემ ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართა ევროკავშირის და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ავსტრიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ჰარალდ დოსისთან.
შეხვედრაზე ბარამიძემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიტზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლის მნიშვნელობასა და ქვეყნის დეოკუპაციის პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთახმების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და უვიზო მიმოსვლაზე კონსულტაციების დროულად დაწყების მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ მაისში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი იყო. ასევე დადებითად შეფასდა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობის გააქტიურებისა და ავსტრიული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე.
ვიცე-პრემიერმა შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იოჰანეს კირლესთან. ბარამიძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობისა და ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
ვიცე-პრემიერმინისტრმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების აღიარების აუცილებლობაზე, რათა რუსეთს, როგორც ოკუპანტ ქვეყანას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებზე ლეგალური პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ბარამიძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე, რათა რუსეთის მიერ შესრულდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული და უპირობო დაბრუნება.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ მყარი მხარდაჭერა გამოხატა.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები და ხაზი გაესვა ამ გზაზე ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ვიცე-პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებაზე, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და სამათალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
ვიცე-პრემიერმინისტრის სამუშო ვიზიტი ავსტრიაში გრძელდება.