თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქმრის მიერ მოკლული მარიკა წივწივაძის დედას მორალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო გარდაცვლილი ქალის შვილებს, სრულწლოვანებამდე ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის.
ამის შესახებ ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
"შსს-ს სასამართლო მოვუგეთ ფემიციდის საქმეზე: მარიკა წივწივაძის (ილიუნის პროფესორი) მკვლელობისთვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც დაეკისრა. შსს-მ რომელმაც იცოდა, თუ რა ძალადობას ექვემდებარებოდა მარიკა, მაგრამ არაფერი გააკეთა მის დასაცავად, გამტყუნებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. შსს-ს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება დედისათვის და ყოველთვიური სარჩოს გადახდა დაობლებული შვილისათვის სრულწლოვანებამდე.
სტრასბურგშიც გვაქვს ეს საქმე და იქაც მოვიგებთ, რადგან მარიკა წივწივაძე სახელმწიფოს სისტემური ხარვეზების მსხვერპლია. სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავს ქალებს, პასუხს აგებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სასამართლოს წინაშე!", - წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, 2014 წლის 17 ოქტომბერს მარიკა წივწივაძე მისმა ყოფილმა ქმარმა, ლაშა მაღრაძემ სამსახურში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.