25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა, 23 აგვისტო კი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.
პარლამენტმა დღეს 2 დადგენილების პროექტი მიიღო. პირველი დადგენილების პროექტის თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა, ხოლო მეორე დადგენილებით, 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ განისაზღვრა.
საქართველოს მთავრობას დაევალა ყოველი წლის 25 თებერვალს ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემისა და ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი სხვა ღონისძიებების პროგრამის შემუშავება და განხორციელება.
ყოველი წლის 25 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები და გამოცხადდება წუთიერი დუმილი ოკუპაციის მსხვერპლთა პატივის მისაგებად.
შეგახსენებთ, რომ 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს დედაქალაქის აღებისა და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების დამხობის შემდეგ საქართველოში საბჭოთა კავშირის კომუნისტური საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა, რომელმაც დაანგრია ქვეყნის კონსტიტუციური წყობა, გადაასახლა მისი ათასობით მოქალაქე და უკანონოდ მოახდინა მათი ქონების ექსპროპრიაცია.