პარლამენტი პრეზიდენტის ახალი ვეტოს მოლოდინშია. პრეზიდენტი დღეს მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორსა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
პარლამენტის თავჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, თუ პრეზიდენტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უკვე მოტივირებული შინიშვნებიდან გამომდინარე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, მოხდება თუ არა ვეტოს დაძლევა. ,,არ არის გამორიცხული ამ შენიშვნების გათვალისწინება მოხდეს”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.
იქედან გამომდინარე, რომ მაუწყებლის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მწვავე დისკუსიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აზრთა სხვადასხვაობაც გამოიკვეთა, არ არის გამორიცხული, ვეტოს შემთხვევაში მისი დაძლევა გაჭირდეს.
პარლამენტის ვიცესპიკერი აცხადებს, რომ მოლაპარაკებების დროს ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრიბად გადამუშავდა,
,,ბევრი შენიშვნა გამოითქვა და ბევრი რამ შეიცვალა. არის საკითხები, რომელიც ბოლომდე, მათ შორის ჩვენი კოლეგების მხრიდან სახელდებოდა, როგორც პრობლემა, მათ შორის კომერციული რეკლამის და სტარტაპების ნაწილი, მაგრამ ვინაიდან მოლაპარაკებების დროს ბევრი შენიშვნა იყო გათვალისწინებული და კანონპროექტი თვისობრიბად გადამუშავდა, თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ამიტომ პარლამენტმა თავისი პოზიცია გამოხატა და მხარი დაუჭირა. ახლა უკვე პრეზიდენტზეა დამოკიდებული ,ის ხელს მოაწერს თუ არა კანონპროექტს”,- აღნიშნა ჩუგოშვილმა.
გიორგი მარგველაშვილთან დღევანდელ შეხვედრას საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, პრეზიდენტი მათთან შეხვედრას ცალკე გეგმავს.
კანონმდებლობით, თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა – დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (სულ მცირე 50 ხმა).
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - ანუ 76 ხმა.