თბილის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2010 წლის 28 იანვარს, დაიწყო წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, 13 ივლისს საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო რომეო პაჭკორიასა და ზაურ პაჭკორიას მიერ კომერციული მოსყიდვის ჯგუფურად ჩადენის ფაქტი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.
გამოძიებით გაირკვა, რომ 2009 წლის დეკემბერში, რომეო პაჭკორიამ და მისმა მამამ
- ადვოკატმა ზაურ პაჭკორიამ განიზრახეს მოეპოვებინათ ყალბი სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა მსჯავრდებულ ზაალ პაჭკორიას ფსიქიური ავადმყოფობის შესახებ, მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების მიზნით.
რ. და ზ. პაჭკორიები დაუკავშირდნენ შპს "ფსიქო-დიაგნოსტიკისა და ფსიქოკორექციის ცენტრი"-ს დირექტორს, ექსპერტ-ფსიქიატრ თეიმურაზ ხარებავას და შესთავაზეს 5000 აშშ დოლარი ფსიქიური ავადმყოფობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნის სანაცვლოდ.
თეიმურაზ ხარებავამ აღუთქვა რომეო პაჭკორიას, რომ ხსენებული თანხიდან 1 500 ლარის ექსპერტიზის ღირებულების სახით შპს `ფსიქო-დიაგნოსტიკისა და ფსიქოკორექციის ცენტრის~ საბანკო ანგარიშზე გადახდისა და დარჩენილი თანხის პირადად მისთვის გადაცემის შემდგომ გასცემდა დასკვნას ზაალ პაჭკორიას ფსიქიური ავადმყოფობის შესახებ.
იმავე დღეს, ზაურ პაჭკორიას შუამდგომლობის საფუძველზე, შპს "ფსიქო-დიაგნოსტიკისა და ფსიქოკორექციის ცენტრში" დანიშნული იქნა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ზაალ პაჭკორიას ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად, რა დროსაც, რომეო პაჭკორიამ და ზაურ პაჭკორიამ შეთანხმებისამებრ, კომერციული მოსყიდვის მიზნით, მათთვის სასურველი დასკვნის მისაღებად, თეიმურაზ ხარებავას გადასცეს 3 100 აშშ დოლარი. თეიმურაზ ხარებავამ კი 2010 წლის 26 მარტსა და 13 აპრილს გასცა სასამართლო- ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა შედეგების მიხედვით ზაალ პაჭკორიასათვის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში საჭირო გახდა სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული გამოკვლევის ჩატარება.
2010 წლის 13 ივლისს ზაურ პაჭკორია და რომეო პაჭკორია მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.