დღეს, 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიების ფორმატში მუშაობას დაასრულებს. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საგადასახადო კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.
პრეზიდენტი კონსტიტუციის ახალ პროექტს პარლამენტს წარუდგენს. დღესვე შეიქმნება პროექტის საორგანიზაციო განხილვის ჯგუფი. საორგანიზაციო ჯგუფი ერთთვიანი საზოგადოებრივი განხილვისთვის იქნება და ამ ჯგუფში წარმოგენილნი არიან საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში წინასაარჩევნო რეჟიმზე იყო გადასული. ამ ხნის განმავლობაში პარლამენტს ინტენსიურად არ უმუშავია. ამის გამო, საგაზაფხულო სესიის დახურვის მიუხედავად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე სხდომების ფორმატით საქმიანობა ივლისშიც მოუხდა. საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის თანახმად, ივნისის ბოლო პარასკევს, 25 ივნისს დაიხურა. საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.