საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები და ისრაელის წამყვანი მედიასაშუალების ჟურნალისტები.
დღეს, 14.00 საათზე ისრაელის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (გუდიაშვილის ქ. #7) „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკის გახსნასა და ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიალში. ღონისძიება კულტურული პროგრამით დასრულდება - ქართველი მომღერლები ებრაულ სიმღერებს შეასრულებენ.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საქართველოში ევროსაბჭოს მისიის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსი, ავსტრიისა და შვეიცარიის ელჩები.
ებრაული ბიბლიოთეკისთვის ისრაელში მოქმედმა „სარას ფონდმა“, „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ისრაელში შეიძინა რამდენიმე ასეული წიგნი ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. წიგნების თემატიკაა ისრაელის უძველესი და თანამედროვე ისტორია, სიონიზმი, იუდაიზმი, თეოლოგია, ისრაელის საგარეო პოლიტიკა, ებრაული ენის სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლების სახელმძღვანელოები და ა.შ. დაგეგმილია ისრაელიდან კიდევ 500-მდე წიგნის შემოტანა და აგრეთვე, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის შექმნა.
ღონისძიებას „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე წარუძღვება.