საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სხვადსხვა სამინისტროში არსებულ "არაპროფესიონალიზმსა და ბიუროკრატიზმზე" ისაუბრა. მისი თქმით, იგი აღარ აპირებს "გაქსუებული" ადამიანების მაღალ თანამდებოაზე შენახვას. ამის შესახებ პრეზიდენტმა კახეთში, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრეზიდენტმა ერთ-ერთი ბიზნესმენის მიერ ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილ წერილზე ისაუბრა ა, რომელიც ფოთში ერთ-ერთი ჭაობის ადგილას მაცივრის გაკეთებას ეხებოდა. სააკაშვილის თქმით, კარგად დასაბუთებული წერილი, რომელსაც თან უამრავი სქემა ერთვოდა, ეკონომიკის სამინისტროში ზურაბ პოლოლიკაშვილის მინისტრობისას შევიდა. მისივე თქმით, საქმე 9 მილიონის ინვესტირებასა და ქართული პროდუქციის ექსპორტის გაზრდას ეხებოდა.
"მაშინ, როდესაც დღე და ღამე მე და ნიკა გილაური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ორი თვის თავზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ბიზნესმენს უარის წერილს უბრუნებს~, _ განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განცხადებით, მინისტრის იმდროინდელმა პირველმა მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილმა საპასუხო წერილში ბიზნესმენს განუმარტა, რომ ეს არ არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ბიზნესმენი სხვაგან გადაამისამართა.
"ეს გრიგოლ გობეჯიშვილი ალბათ, საძმაკაცოში კარგ ბიჭად ითვლება, ალბათ ქელეხებსა და ქორწილებზე დადის, ბავშვებს ნათლავს და ძმაკაცებს ხელს უმართავს, მაგრამ საქართველო მას არ უყვარს. ის არის გაქსუებული, გათავხედებული, თავგასული მოხელე. აი, ვინ არის მთავარი პრობლემა საქართველოსი. არა მტერი და უცხოური აგრესია, არამედ გრიგოლ გობეჯიშვილისნაირი გაქსუებული მოხელეები არიან მთავარი პრობლემა და მთავარი მიზეზი, რომ ჩვენი ხალხი ისევ გაჭირვებაშია. აი, ვინ არცხვენს საქართველოს. გობეჯიშვილი და კომპანია. როცა თანამდებობაზე ადამიანი მუშაობს და მისი ერთადერთი ფუნქცია გადაწყვეტილების მოშორებაა, ამაზე მეტი პრობლემა მან თავის ქვეყანას რა უნდა შეუქმნას. ნორმალური თანამდებობის პირი როგორ მოიქცეოდა გეტყვით, ნორმალური მინისტრი დაურეკავდა ამ ბიზნესმენს, დაპატიჟებდა კაბინეტში ან კაფეში, მოეფერებოდა და დღეგამოშვებით დაურეკავდა და ჰკითხავდა: მოდიხარ თუ არა?~, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გრიგოლ გობეჯიშვილი ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ზურაბ პოლოლიკაშვილთან ერთად მივიდა. ის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გობეჯიშვილი 2004-2007 წლებში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2007-2009 წლებში შემოსავლების სამსახურის უფროსად მუშაობდა. ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალიას დანიშვნის შემდეგ გობეჯიშვილმა თანამდებობა დატოვა. მის ადგილზე კი არჩილ კეკელია დაინიშნა.