კიევში, სასამართლოს შენობასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, დავით საყვარელიძე მხარდამჭერებთან ერთად, მიტინგს მართავს. ,,საზოგადოებრივის“ ინფორმაციით, 112.ua წერს, რომ საყვარელიძე სააკაშვილის საქართველოში გაგზავნის შემთხვევაში, მომხრეების მობილიზების შესახებ აცხადებს.
“თუ პოშორენკო სააკაშვილს საქართველოში გააგზავნით, ჩვენ იქ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზებას მოვახდენთ. ისინი მოლოტოვის კოქტეილებსა და საბურავებს ამზადებენ“, – განაცხადა საყვარელიძემ.
უკრაინის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
სასამართლო სხდომა თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო.
პროცესს მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ჟურნალისტები ესწრებიან.
სააკაშვილის ადვოკატი სასამართლო პროცესის გაცილებით დიდ შენობაში ჩატარებას ითხოვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და აღნიშნა, რომ სააკაშვილისთვის პეჩერსკის სასამართლოში სხვა შენობა არ მოიძებნება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება ყოველ ორ საათში ერთხელ გამოცხადდება.
მანამდე სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა და მიხეილ სააკაშვილი დარბაზში, ადვოკატების გვერდით დაჯდა.