6 ნოემბერს, 11:30 საათზე, სასტუმრო "შერატონ-მეტეხი პალასში" ბრიტანეთის საბჭო, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გამართავს ერთობლივი პროგრამის პრეზენტაციას, რომელიც მიმართულია საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე.
სოციალური საწარმო არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გამოკვეთილი სოციალური მისია/მიზანი და რომელიც თავისი საქმიანობით მიღებულ შემოსავალს ახმარს თავისი მისიის რეალიზაციას. აღნიშნული მოდელი წარმატებულად მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს როგორც თავად ორგანიზაციების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ისე დასაქმების, სიღარიბის შემცირებისა და სხვადასხვა სოციალური სერვისების გასაუმჯობესებლად.
პრეზენტაციის დროს გათვალისწინებულია ზემოხსენებულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა და პრესკონფერენცია.
აღნიშნული ერთობლივი ინიაციატივის ფარგლებში შეთახნმებულად განხორციელდება ის პროექტები, რომლებიც უკვე წამოწყებულია მემორანდუმის ხელმომწერი ორგანიზაციების მიერ. აღსანიშნავია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და "Czech Fundraising Centre"-ისა (ჩეხეთის რესპუბლიკა) და "Resource Alliance"-ის (გაერთიანებული სამეფო) ერთობლივი პროექტი "სოციალური მეწარმეობის განვითარება საქართველოსა და სომხეთში~, რომელიც მხარდაჭერილია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ხაზგასასმელია გერმანული ორგანიზაციის ეკლესიის განვითარების სააგენტოს (EED) მიერ მხარდაჭერილი პროექტი, რომლის განხორცილება დაიწყო "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა." განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბრიტანეთის საბჭოს ჩართულობა და კონტრიბუცია ამ ერთობლივ ინიციატივაში.
კლიფორდ დუგლას საუსკომბი, ბრიტანელი ექსპერტი გააკეთებს პრეზენტაციას სოციალური მეწარმეობის თაობაზე ფართო აუდიტორიისათვის, რომლის დროსაც მონაწილეებს გაუზიარებს ბრიტანულ და ევროპულ გამოცდილებას. დღის მეორე ნახევარში ბრიტანელი ექსპერტი ჩაატარებს 2-საათიან სემინარს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის, რომლის დროსაც დეტალებში გააცნობს სოციალურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებს, სოციალური საწარმოების სხვადასხვა ფორმას.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან სამინისტროებისა და სამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.