ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის საქართველო კვლავ უთანხმოების საგნად რჩება. ამის შესახებ საუბარია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომის ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, კოლეგიის სხდომაზე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობდა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები განიხილეს.
სხდომაზე აღინიშნა, რომ აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის რჩება საკითხების "ვიწრო სპექტრი", რომელზედაც უთანხმოება კიდევ არსებობს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით ეს საკითხებია - ნატოს პრობლემატიკა, ანტისარაკეტო ფარის განვითარებასთან დაკავშირებული გეგმები, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ეკონომიკის სფეროში ურთიერთობების არასაკმარის განვითარება და საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასება.