საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
გამომცემლობი შენობაში მყოფი ადამიანები დაკმაყოფილებული არიან ფულადი კომპენსაციით. თანხის აღების მომენტში მათ მიერ ნაკისრი ვალდებულება ითვალისწინებდა, რომ მათ უნდა გაეთავისუფლებინათ დაკავებული ფართები. მეორე ნაწილი კი ოჯახებისა, კომპაქტურ ჩასახლებებში ფლობენ ფართებს და ბინებს, რომელიც მათი საკუთრებაა და დაუკანონდათ სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, ერთი და იგივე ოჯახის მიერ ორი და სამი ფართის მიღება, მოკავება და დაკანონება გამორიცხულია. ხსენებულ შენობაში დევნილი ოჯახების შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მიმდინარეობს ფართების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, ერთმანეთის მოტყუება და იგი გარკვეულწილად შავ ბაზრად არის ქცეული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე სამინისტრო ვალდებულია აღკვეთოს ეს კანონგარეშე ქმედებები", _ აღნიშნულია განცხადებაში.
მათი ინფორმაციით, რაც შეეხება იქ მყოფ რამდენიმე ოჯახს, რომელთაც ესაჭიროება დაბინავება, მათზე სამინისტრომ იზრუნა და გამოუყო საცხოვრებელი ფართები სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში, რომელიც მათ დაუკანონდებათ და საკუთრებაში გადაეცემათ.
"სამინისტოს მიზანია, ქუჩაში არავინ დარჩეს, ყველა ოჯახი დაკმაყოფილდეს ფართით, მაგრამ ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულ ოჯახებს მეორედ ფართის მიტაცებას და ამ ფართების გარკვეულ ხალხზე გაყიდვას და გადაყიდვას და ამით გარკვეული ადამიანების შეცდომაში შეყვანას ვერ შეეგუება და არ დაუშვებს. შეგახსენებთ, რომ ამ შენობაში უკანასკნელი ერთი წლის და 8 თვის განმავლობაში მცხოვრებთა შემადგენლობამ განიცადა 4-5 გზის როტაცია და გადაქცეულია არალეგალური ყიდვა-გაყიდვის ბირჟად. სამინისტრო მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს კონკრეტულად და დეტალურად აუხსნას იქ არსებული მდგომარეობა და მიაწოდოს ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ", _ აღნიშნულია განცხადებაში.