"სოციალ-დემოკრატები ერთიანი საქართველოსთვის" უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის განვითარების საკუთარ პროექტს წარადგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ელგუჯა მექვაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის პრიორიტეტი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება იქნება, რისთვისაც საჭიროა შეიქმნას სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია.
მექვაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვითარდეს, აუცილებელია ქვეყანაში შემოტანილი პროდუქტების იმპორტი შეიზღუდოს. ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტში დარგის დაფინანსება 1.3%-დან 4.5%-მდე უნდა გაიზარდოს.
"ზოგადად ქვეყანაში, როდესაც სასურსათო პროდუქციის იმპორტის 70%-ს აღემატება ეს ადგილობრივი მეურნეობის განვითარების კუთხით სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. საქართველოში კი ეს მაჩვენებელი 80%-ია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადგილობრივმა პროდუქტმა შემოტანილი საქონელი ჩაანაცვლოს", - აღნიშნა მექვაბიშვილმა.