თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად დღეს, 3 დეკემბერს, 51-ე სკოლასთან აქცია გაიმართება.
"ვიკრიბებით კვირას, 18:00 საათზე, 51-ე სკოლის წინ, იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლთა ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ.
გთხოვთ, მოიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა, მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ", - წერენ ორგანიზატორები სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, მათივე ცნობით, კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს.