რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, დაჭრილი მოზარდი სისხლის შედედების დარღვევით გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, მოზარდს საავადმყოფოში შეყვანისთანავე სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა.
„სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და იყო მასიური სისხლდენა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა“, - აცხადებს იმედაძე.
რაც შეეხება მოზარდისთვის საჭირო სისხლს, როგორც იმედაძე განმარტავს, არსებული სისხლის ბანკების ხელმძღვანელებმა დაურეკეს და დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა, ამის საჭიროება არ იყო.
იმედაძის თქმით, მხოლოდ ე.წ. თრომბო მასა იყო საჭირო, რომელიც არ ინახება და ის ორმა კლინიკამ გუშინ სასწრაფოდ დაამზადა.
ამასთან, იმედაძის ინფორმაციით, პირადად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაზა სოფრომაძე იყო ჩართული მედიკამენტებთან და მარაგებთან დაკავშირებულ საკითხებში.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.