"თავისუფალი დემოკრატები" კონსტიტუციაში გარკვეული ნორმის ჩადებას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას შეუზღუდავს. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, მისმა პოლიტიკურმა ძალამ გაითვალისწინა სააკაშვილის სურვილი, რომ შესაძლოა იგი ხელისუფლების სათავეში პრეზიდენტად ყოფნის მეორე ვადის გასვლის შემდეგად დარჩეს და მისი განცხადებით, სწორედ ამას ეძღვნება ახალი კონსტიუციის შემუშავება. ამის თავიდან ასაცილებლად, "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ, კონსტიტუციაში ჩაიწეროს ნორმა, რომლის თანახმად, პირს, რომელიც ზედიზედ ორი ვადით იქნება პრეზიდენტი ან ორი ვადით ზედიზედ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და მეორე არჩევნებში დამარცხდება, აღარ ექნება პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება 5 წლის განმავლობაში.
ცაგარეიშვილის განმარტებით, მათ ეს იდეა გააცნეს ვენეციის კომისიის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც აღნიშნული საკითხი დააყენა ორი დღის წინ გამართულ ბერლინის კონფერენციაზე და კონფერენციის მონაწილეებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ამ ნორმის კონსტიტუციაში ჩაწერა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება.