„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით მუქარა-ზეწოლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე მიმდინარეობს ოზურგეთში, რაც ხელს უშლის თანასწორ და თავისუფალ წინასაარჩევნო გარემოს.
"ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის 4 და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1 ფაქტი გამოვლინდა. თითქმის ყველა შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის - ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთში მცხოვრები მოქალაქეები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას, ოზურგეთის გარდა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების მუქარის ერთ ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი ხაშურის ოლქში", - ვკითხულობთ ანგარიში.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობას, პოლიტიკურ პარტიებსა და კანიდატებს - არჩევნების დღეს თავი შეიკავონ ამომრჩევლის მოწყიდვისა თუ ზეწოლისგან, ასევე ნებისმიერი ისეთი ქმედებისგან, რომელიც შესაძლოა აღქმული იქნას ამომრჩევლის ნების კონტროლად, მათ შორის არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების მონაცემების შეგროვებისგან. ასევე მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას - უზრუნველყოს ამომრჩევლის პირადი მონაცემების დაცვა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოხატვა.
ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება
ცნობისთვის, 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს ქუთაისის, ოზურგეთის, ბორჯომის, ხაშურის, მარტვილისა და ყაზბეგის ოლქებში გაიმართება.