ხელისუფლებამ შესაძლოა სახალხო დამცველის უფლებამოსილების გაზრდაზე ოპოზიციის მოთხოვნა გაითვალისწინოს. საუბარია სახალხო დამცველისათვის უფლებამოსილების გაზრდაზე ე.წ. "ამიგოს კურიეს" ანუ სასამართლოს მეგობრის ნაწილში. სახალხო დამცველისათვის "ამიგოს კურიეს" უფლების მინიჭებას ითვალისწინებს პარალმენტის იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივა, "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის აღნიშნული ნაწილი სახალხო დამცველის უფლებებს ზღუდავს და ითხოვს, რომ ამ ნაწილში ჩაიწეროს საკანონმდებლო გარანტიები იმისა, რომ სახალხო დამცველს გარკვეული უფლებები ექნება სასამართლოებში საქმის წარდგენასთან დაკავშირებით.
დღეს მოქმედი ნორმით სახალხო დამცველს შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის სასამართლო ინსტანციას ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების თაობაზე, თუ შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლო წარმოების პროცესში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევას შეეძლო არსებითად ემოქმედა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაზე. კანონპროექტით კი აღნიშნული ნორმა უქმდება და მის მაგივრად, სახალხო დამცველს შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოში მხოლოდ ამიგოს კურიეს ფუნქციით გამოვიდეს.
აღნიშნული ტერმინი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განმარტებულია, რომ სასამართლოს აბსოლუტური უფლება აქვს ამიგოს კურიეს წინადადება არ გაითვალისწინოს. სწორედ ამიტომ, ლორთქიფანიზე მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სახალხო დამცველის ფუნქცია მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ითხოვს, რომ სახალხო დამცველს უფლება ჰქონდეს წინადადებები წარადგინოს მეორე ინსტანციის სასამართლოში. რაც მთავარია, სასამართლოს ამ წინადადებების განხილვის ვალდებულება უნდა დაეკისროს.
"აუცილებელია სახალხო დამცველს მიენიჭოს ეს უფლება, განხილვის შემდეგ კი სასამართლო გადაწყვეტს მიანიჭოს თუ არა სახალხო დმაცევლის წინადადებას მტკიცებულების სტატუსი", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ მოსაზრევის წინააღმდეგი არ არის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი კახა ანჯაფარიძე, თუმცა მისი თქმით, კანონპროექტის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებამდე კონსულტაცია უნდა გაიმართოს იურიდიულ კომიტეტში, სადაც აღნიშნული კანონპროექტია მომზადებული და საბოლოო გადაწყვეტილება მისი თქმით, კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის აისახება.