საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში მოწყობილი ფოიერვერკით და ხელიუფლების წევრების დახვედრით კმაყოფილი დარჩა. მან ამისათვის ქართველ ხალხს მადლობაც გადაუხადა. ამის შესახებ კუშნერმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიდი ხნის მეგობრობა არსებობს, პირადად მისი და სააკაშვილის მეგობრობა კი სათავეს იმ დროიდან იღებს, როცა სააკაშვილი საფრნაგეთში სწავლობდა. კუშნერმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ბასტილიის აღების დღეს საქართველოში ჩამოსვლა, სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
"ეს არის სიმბოლური ვიზიტი. ძალიან მომეწონა ის ფოიერვერკი რაც, აქ ვნახე. ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. საფრანგეთს და საქართველოს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ჩემი და მიხეილ სააკაშვილის მეგობრობა კი იმ დროდან იღებს სათავეს, როცა სააკაშვილი სტუდენტი იყო საფრანგეთში, მაშინ ჩვენ ვსაუბრობდით საერთო იდეალებზე. ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს 3 კვირის წინ ვუმასპინძლეთ, ეს იყო სარკოზისთვის და მთელი საფრანგეთისთვის საუკეთესო საშუალება, რომ გაგვეგო თუ როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში", - განაცხადა კუშნერმა.