კატალონიის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი სამშობლოში დაბრუნებას გარანტიების გარეშე არ აპირებს. კარლეს პუჩდემონმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას 30 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
„მაქსიმალური გარანტიები უნდა მოვიპოვოთ ესპანეთში დასაბრუნებლად. ჩემი საარჩევნო პროგრამის შესრულების გამო 30 წლით პატიმრობა მემუქრება.. თუ ჩვენ გვექნება სამართლიანი, დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიები, თუ სამართლიანად მოგვეპყრობიან, როგორც ეს ევროპის უმეტეს ქვეყანაში ხდება, დაუყოვნებლივ დავბრუნდებით“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ბრიუსელში პოლიტიკური თავშესაფარის მიღების მიზნით არ იმყოფება.
,,მე ევროპის დედაქალაქში ვიმყოფები, რათა თავისუფლად და უსაფრთხოდ ვიმოქმედო“, - აღნიშნა მან.
ესპანეთის პროკურატურამ კარლეს პუჩდემონისა და მისი მთავრობის წევრების წინააღმდეგ ამბოხების მუხლით სარჩელი შეიტანა. ესპანეთის კანონმდებლობა აღნიშნულ დანაშაულზე თავისუფლების 30 წლით აღკვეთას ითვალისწინებს.