ერთ კვირაში საქართველოს ყატარელი ინვესტორები ეწვევიან. გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტსა და ყატარის უძრავი ქონების საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელებს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.
უკვე დადასტურებულია, რომ უცხოელი ბიზნესმენები საკურორტო პროექტებით დაინტერესდნენ. აქედან გამომდინარე, თბილისის გარდა მათი ბათუმში, ანაკლეაში და სენაკში ჩაყვანა იგეგმება.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ყატარში იმყოფება ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ყატარელ ინვესტორებთან რამდენიმე კონკრეტული პროექტი იქნება შეთანხმებული.
ყატარის ყველაზე ძლიერი ფინანსური ჯგუფი - უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში გეგმავენ ჩამოსვლას, 5 წლის წინ დაარსდა. ის ევროპის 4 ქვეყანაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს ახორციელებს.