"ლეიბორისტები" ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებისათვის სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. შესაბამისი განცხადება დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე "ლეიბორისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა ჯიბლაძემ გააკეთა.
პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მომხდარი მიხეილ სააკაშვილის მიზანმიმართულ პოლიტიკას უკავშირდება, რომლის მეშვეობითაც საქართველოს პრეზიდენტი მილიონობით ლარის ღირებულების გრანტების მოპოვებას ცდილობს.
"ეს არის ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა - აღნიშნული სოფლებში მცხოვრებმა მოსახლეობამ დატოვოს საცხოვრებელი და სააკაშვილმა გააკეთოს პიარი - თითქოს მოსახლეობა რუსებმა აიძულეს დაეტოვებინათ საცხოვრებელი ადგილები და ამით მილიონობით გრანტი მოიპოვოს მათი სახელით", - განაცხადა ჯიბლაძემ.
ჯიბლაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირებას არ მოახდენს, იგოეთის ხიდთან, შესაძლოა საპროტესტო აქციაც გაიმართოს, "ლეიბორისტები" გზის გადაკეტვითაც იმუქრებიან.