საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებს 30 მაისის ადგილობრივ თვითმართველობის არჩევნებზე მოპოვებული წარმატებების გამო მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არჩევნებზე ხალხმა მახრი გამთლიანების, გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კრიმინალის დამარცხების, განვითარების და მოდერნიზაციის კურსს დაუჭირა. ამის შესახებ სააკაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც რაიონების გამგებლებსა და გუბერნატორებს შეხვდა.
"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მტრებისთვის პასუხის გასაცემად, საქართველოს ბედზე მოყოყმანე მეგობრებისთვის თვალების ასახელად. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა კურსს ქვეყნის გამთლიანების, გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კრიმინალის დამარცხების, განვითარების და მოდერნიზაციის. თქვენ გამოგიცხადათ ნდობა ხალხმა, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა გამოკითხვით ვნახულობდით, რომ ბოლო ხანებში გაიზარდა კონკრეტულად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების რეიტინგი და ავტორიტეტი ქართველ ხალხში. ეს არის მთავარი მიღწევა თვითმმართველობის დემოკრატიული სისტემის შემოღების. ის, რომ ხალხი გენდობათ, გიცნობთ, ის, რომ საკადრო შემადგენლობა ძირითადად არის ძალიან სტაბილური, არის ძალიან კარგი და მყარი ბირთვი და ესეც არის გარანტი იმისა, რომ ხალხმა უკეთესად გაგიცნოთ და უფრო მეტი განცდა გქონდეთ, რომ გრძელვადიანი პერსპექტივა გაქვთ ადგილობრივ მმართველობაში ყოფნის და გადაწყვეტილების მიღების, ხოლო ხალხს იმის, რომ იცოდნენ თუ ვის უნდა მოთხოვონ პასუხი.
ქვეყნის პრეზიდენტმა მმართველი პარტიის მიერ რაიონებში აღებული შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ გაჭირვებასა და უპერსპექტივობაში ცხოვრობს, მათ "ნაციონალებს" მაინც ნდობა გამოუცხადეს, რაც მისი თქმით, ორმაგად დასაფასებელია.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიპოვა შთამბეჭდავი გამარჯვება. რატომღაც პოლიტიკური სპექტრი თავისი არაშორსმჭვრეტელობის გამო ძირითადად კონცენტრირებული იყო თბილისზე, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით "ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო ქუთაისში 65 პროცენტი თითქმის და ქვეყნის მასშტაბით 66 პროცენტი თითქმის, ზუგდიდში თითქმის 70 პროცენტი, ბათუმში 60 პროცენტი და მეტიც შეიძლებოდა თელავში 72 პროცენტი, გორში 78%, ახალციხეში 70 პროცენტი და ა.შ. და მადლობას ვუხდი ქუთაისელებს ასეთი მხარდაჭერისთვის. ეს არის ხალხის დიდი ნდობა და ჩვენი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდვე ცხოვრობს სიღარიბის, გაჭირვების და ნაწილი უპერსპექტივობის პერიოდში და ამ პირობებშიც კი ხალხმა გამოხატა რწმენა, იმედი და გამოგვიცხადა მხარდაჭერა", - განაცხადა პრეზიდენტმა.