საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ერთობლივი პრესკონფერენცია ხვალ, 15 ივლილსს, 12:30 საათზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 ივლისს, თბილისის ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ეწვევა.
კუშნერის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14 ივლისს, 22:00 საათზე დაეშვება. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრება, სადაც ოფიციალური ვახშამია დაგეგმილი.
მეორე დღეს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საუზმეზე "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს თინა ხიდაშელს, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას და "სამართლიანი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს პეტრე მამრაძეს უმასპინძლებს.
საუზმე საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში 15 ივლისს, 09:00 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ევროპის სახლში 10:00 საათზე, ბერნარ კუშნერი დებატებს დიპლომატიის კორპუსის, საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საფრანგეთის საელჩოში განუცხადეს, დებატებში ოპოზიციის მხრიდან "ლეიბორისტული პარტიის" საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე, "კონსერვატორული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე, "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილი და "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიებაზე ასევე მიწვეულები არიან მთავრობის და უმრავლესობის წარმომადგენლებიც.
იმავე დღეს, 11:30 საათზე, კუშნერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. 14:50 საათზე საფრანგეთის საგრეო უწყების ხელმძღვანელი კავკასიის ფრანგული სკოლას (ვაკის პარკი), ხოლო შემდეგ საელჩოს მომავალ შენობას (კრწანისის რეზიდენცია, ეუთოს ყოფილი შენობა) დაათვალიერებს, რის შემდეგაც დელეგაცია კოდის ლტოლვილთა ბანაკის დასათვალიერებლად გაემგზავრება.
კოდაში კუშნერს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანის, გაეროს ლტოლვილთა ფონდის წარმომადგენელს პიტერ ნიკოლაუსს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელს ჰანსიორგ ჰაბერს და მისი მოადგილეს, გენერალი ჟილ ჟანვიე შეხვდება.