"ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის დაბარებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნა "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გააჟღერა და აღნიშნა, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გამოჩნდა, რომ დევნილები კიდევ ერთხელ მოატყუეს.
"ადგილობრივი არჩევნების წინ მათ ქალაქის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ გამოუცხადა, რომ თბილისში მცხოვრები ყველა დევნილი არის თბილისელი. შესაბამისად, დედაქალაქს უნდა ეზრუნა მათი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე. მეორე ტყუილი, როცა მინისტრმა თქვა, რომ ყველა დევნილი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო ფართში ამ ფართს მიიღებდა კერძო საკუთრებაში. კერძო სექტორში მცხოვრებლებს კი სხვა ფართით დააკმაყოფილებდნენ", - განაცხადა ახვლედიანმა.
მისი ინფორმაციით, სამი დღის წინ 20 ოჯახი თბილისიდან გაურკვეველი მიმართულებით, შესაძლოა ზუგდიდის რაიონში, სოფელ ოქტომბერში წაიყვანეს, სადაც არავითარი საარსებო პირობები არ არსებობს. ასეთივე მდგომარეობაა გურჯაანში, სასტუმრო "ქიზიყში", რომლის 96%-ის მფლობელიც სახელმწიფოა.
ახვლედიანი მოითხოვს, კობა სუბელიანი დაუყოვნებლივ ეწვიოს პარლამენტს და საზოგადოებას გააგებინოს, შეიცვალა თუ არა სახელმწიფოს მიდგომა დევნილთა მიმართ, რომელსაც პარლამენტი ცოტა ხნის წინ "ზარ-ზეიმით" მიესალმა.