პარტია "ქართული დასის" ლიდერი, პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლებისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური პირობების შემოღებას ითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნა ბაღათურიამ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დააყენა, რომლის არგუმენტად ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების სოციალური პრობლემები დასახელა.
მან პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და დეპუტატებს მოუწოდა, რომ გორის რაიონის სოფელებში - ზემო და ქვემო ხვითში ჩავიდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
"ამ სოფლების მოსახლეობას 21-ე საუკუნეში კოკოითმა სარწყავი წყალი გადაუკეტა მოსახლეობას, რომელიც ჩვენგან დახმარებას ითხოვს", - განაცხადა ბაღათურიამ და აქვე დასძინა, რომ უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მის ინიციატივას პრეზიდენტმა სიტყვიერად მხარი დაუჭირა და ახალა ბაღათურია მოითხოვს, რომ ეს მხარდაჭერა საკანონმდებლო დონეზე აისახოს.
ბაღათურიას განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობისთვის სარწყავი წყლის გადაკეტვის პირველი შემთხვევა არ არის და იგივე პრობლემა შარშანაც იდგა.
ბაქრაძის თქმით, ბევრ სოფელს მოეხსნა ეს პრობლემა იქ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ, მაგრამ სოფლების ნაწილს ეს პრობლემა ისევ აწუხებს.
ამასთან, ბაქრაძემ ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებით კომისიას მოუწოდა აღნიშნულ საკითხში ჩაერთოს და გაარკვიოს რა არის გასაკეთებელი.