"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას პედაგოგების მოტყუებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ განცხადება "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პედაგოგების სასერთიფიკატო გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც იგი აღნიშნავს, აქამდე განათლების სამინისტროში იმას აცხადებდნენ, რომ სერთიფიკატი პედაგოგებისთვის ხელფასის დანამატის საფუძველი გახდებოდა, ახლა კი ამაზე აღარაფერს ამბობენ და ვეფხვაძე ეჭვობს, რომ ხელისუფლებამ პედაგოგები მოატყუა.
თუმცა, იმედოვნებს, რომ "ხელისუფლებას პედაგოგების მოტყუება არ შერჩება და არჩევნებისთვის მოუბრუნდება.~
"ამის შემდეგ პედაგოგები აღარ შეიძლება გენდონ, რადგან მუდმივად ატყუებთ და ატყუებთ", - მიმართა ვეფხვაძემ ხელისუფლებას და პედაგოგების მრავლაგზის მოტყუების მაგალითად, დაპირებული მე-13 ხელფასის გაუცემლობა და ე.წ. საშტატო ოპტიმიზაციის შედეგად, მრავალი პედაგოგის ქუჩაში დარჩენა დაასახელა. ამასთან იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ პედაგოგებს პროფკავშირების სახით ახლა უკვე დამცველიც აღარ ჰყავთ, რადგან ხელისუფლებამ პროფკავშირები განადგურა.
აღსანიშნავია, რომ ვეფხვაძის ამ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან არანაირი კომენტარი არ მოჰყოლია. თუმცა, პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი თავდაპირველად მიკროფონთან კი მივიდა, მაგრამ მოგვიანებით სიტყვით გამოსვლა გადაიფიქრა.