ხვალ, 12 ივლისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი თბილისის ეწვევიან.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები პირველ შეხვედრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან და მის მოადგილესთან ეკა ზღულაძესთან გამართავენ, ასევე შეხვდებიან იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს თინა ბურჯალიანს, რის შემდეგაც იენსენი და ისლამი რუსთავში შსს-ს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ.
ვიზიტის პირველ დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოებს და საერთაშორისო მისიების, მედიის და ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
13 ივლისიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრებს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს, სახალხო დამცველის მოადგილეს ტატა ხუნწარიას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუასთან, დეცენტრალიზაციის სახელმწიფო კომისიის წარმომადგენელ დავით ჭიჭინაძესთან.
მაიკლ იენსენი და კასტრიოტ ისლამი ასევე აზერბაიჯანულ სოფელ ყარაჯალაში და ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელ ყიტაანში ჩავლენ, სადაც შეხვედრას ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებთან გამართავენ.
ვიზიტის ბოლო დღეს, 15 ივლისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები თბილისის მერს გიგი უგულავას, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდებიან. სტუმრები საქართველოს 16 ივლისს დატოვებენ.