"ქრისტიან-დემოკრატები" ათონელის 9-ში მდებარე პოლიციის სამმართველოს ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლებას აპროტესტებენ.
"ამ ხელისუფლების სიცრუეს საზღვარი არა აქვს. ჩვენ დილის 6 საათიდან აქ ვიმყოფებით და ვცდილობთ დევნილების მიმართ სამართალდამცავების ჰუმანური მოპყრობა მაინც უზრუნველვყოთ, ნაციონალური არხები კი სირაქლემას პოზაში არიან და იმას აჩვენებენ მამუკა ახვლედიანი როგორი პატივით ეპყრობა იძულებით გადაადგილებულებს. ჩვენი პარტია არჩევნებამდე გამოთქვამდა ეჭვს და აფრთხილებდა ყველას, რომ ხელისუფლების დაპირება დევნილებისთვის ფართების დაკანონების შესახებ ბლეფი იყო. სამწუხაროდ მართალი აღმოვჩნდით. უგულავას სიტყვები, რომ ყველა დევნილი, ვინც თბილისში ცხოვრობს, თბილისელია, სიცრუე გამოდგა" - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ.
გიორგი ახვლედიანი ათონელის ქუჩაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჯაბა სამუშიასთან ერთად იმყოფებოდა.
სამუშიას განცხადებით, დევნილების პროტესტის მიუხედავად, პატრულმა 17 ოჯახი
შენობიდან, დღეს გამთენიისას, ძალის გამოყენებით გამოასახლა. მისივე თქმით, გამოსახლებულებს ალტერნატიულ ფართს ზუგდიდის რაიონის ერთ-ერთ სოფელში სთავაზობენ, თუმცა დევნილებს არა აქვთ ინფორმაცია საცხოვრებელი პირობების შესახებ.
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" დევნილების გამოსახლების კანონიერების გარკვევას თბილისის საკრებულოს მომავალ სხდომაზე შეეცდება