პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია სახალხო დამცველის შესახებ ალტერნატიულ კანონპროექტს შეიმუშავებს და პარლამენტს საკითხის მეორე მოსმენით განხილვისთვის წარუდგენს. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა "სახალხო დამცველის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტი რამდენიმე სახის ცვლილებას ითვალისწინებს. ოპოზიციის პროტესტის დაუკმაყოფილებლობის საგანი გახდა ის ცვლილება, რომელიც გულისხმობს, რომ სახალხო დამცველი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს არა 6 თვეში, არამედ წელიწადში ერთხელ.
საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებით მოხდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის შესუსტება სხვადასხვა უწყებაზე, რაც მათი თქმით, პარლამენტისთვის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტის დაკარგვა იქნება.
ამის შესახებ განცხადებები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჯონდი ბაღათურიამ, გია ცაგარეიშვილმა და ლევან ვეფხვაძემ გააკეთეს. ალტერნატიული საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების შესახებ განცხადება ბაღათურიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ პირადად იგი წარუდგენს პარლამენტს ალტერნატიულ საკანონმდებლო ინიციატივას, სადაც სახალხო დამცველს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისთვის სამთვიანი ვადა ექნება.
"შესაძლოა, ეს იყოს შუალედური ანგარიშები, მაგრამ სახალხო დამცველი პარლამენტში ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა მოდიოდეს და პარლამენტს ანგარიშს აბარებდეს, რათა პარლამენტმა ზედამხედველობა სათანადო დონეზე შეძლოს", - განაცხადა ბაღათურიამ.