"კონსერვატორი" კახა კუკავა საკრებულოდან "ნაციონალი" დავით გელაშვილის წასვლის ფაქტს აფასებს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ ანგარიშსწორების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კუკვას განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვაკე-საბურთალოს გამგეობაში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები და გელშვილის დროს დანიშნული ადამიანები დაკავებული თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ კუკავამ თბილისის საკრებულოს შენობაში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"გელაშვილის მიმართ მიღებულ იქნა ანგარიშსწორების გადაწყვეტილება. გარდა იმისა, რომ გელაშვილი გაგდებული იქნა საკრებულოდან, გვაქვს ინფორმაცია, რომ ვაკე-საბურთალოს გამგეობაში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები და მის დროს დანიშნული ადამიანები დაკავებული თანამდებობებიდან დათხოვნილები არიან. ეს საერთოდ აჩვენებს, რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ. რაღაცა საკითხები წყდება კულუარებში და თბილისელებს არა აქვთ საშუალება, ელემენტარულად გაიგონ, მათ მიერ არჩეულ მაჟორიტარ კანდიდატს რა დაემართა - სასწავლებლად უშვებენ, შეუძლოდ შეიქნა თუ რა მოხდა. რეალურად ეს საკრებულო მოქმედებს პრინციპით: მათ ძალიან კარგად იციან, რომ დანიშნულები არიან და არა არჩეულები. ამიტომ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ იმის წიანაშე, ვინც დეპუტატებად დანიშნა. სწორედ ამიტომ არ ჩათვალა არავინ საჭიროდ, საბურთალოელებისთვის აეხსნა, რა მოხდა რეალურად", - განაცხადა კუკავამ.