საკრებულოს წევრებმა - "კონსერვატორმა" კახა კუკავამ და "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა პროტესტის ნიშნად, საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. ამის მიზეზი საკრებულოში არსებული ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის საკითხის განხილვა გახდა. ოპოზიციის წარმომადგენელები _ კობა დავითაშვილი, კახა კუკავა და თინა ხიდაშელი _ მოითხოვდნენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის მუშაობის პროცესში ცვლილებები შესულიყო და აღნიშნულ კომისიას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესაწავლის და განხილვის საშუალებაც ჰქონოდა. საკრებულოს წევრებმა ოპოზიციის მიერ ინიცირებულ ცვლილებების პაკეტს კენჭი უყარეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომისიის მუშაობაში ცვლილებები არ შევიდა. ამის გამო კახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს.
"დღეს თბილისის საკრებულომ მიიღო უპრეცენდენტო და სკანდალური გადაწყვეტილება. საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას აეკრძალა ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხების განხილვა. მსოფლიოში ვერ ნახავთ, ვერც ზიმბაბვეში და ვერც სხვა ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ადამიანის ხორცს ჭამენ, თუ კი არსებობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია, იქ არის ადამინის უფლებათა დარღვევის საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ ჩრდ. კორეაშიც კი მსგავს კომისიებს ამ საკითხების განსხლივის უფლება ექნება. მაინტერესებს, მმართველი პარტიის წევრები როგორ აუხსნიან ან ქართულ საზოგადოებას ან უცხოელ დიპლომატებს საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა კუკავამ.