30 მაისის თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციაში 550 განცხადება და საჩივარი შემოვიდა, რაც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შესული საჩივრებთან შედარებით 630-ით ნაკლებია. ამის შესახებ დღეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ჯული გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებისათვის საარჩევნო დავების განხილვის სრულყოფისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა: შეიქმნა ყველა დონის საარჩევნო კომისიის მომცველი, მუდმივად განახლებადი საჩივრების ელექტრონული რეესტრი (წწწ.საცჰივრები.ცეც.გოვ.გე); ასევე შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ცესკოს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო დავებზე მომუშავე ჯგუფი; მოხდა ყველა საარჩევნო დავის დეტალური და სიღრმისეული შესწავლა და საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის ადმინისტრაციაში შემოტანილი საჩივრები შემდეგნაირად გადანაწილდა: ცესკო - 85; საოლქო საარჩევნო კომისია - 316; საუბნო საარჩევნო კომისიები - 149.
"არასაარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისია 2010 წლის არჩევნებისათვის განხორციელებულ საქმიანობას აფასებს და დღეიდან რეგულარულად წარმოადგენს სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს. ასევე გაგაცნობთ კომისიის მოსაზრებებს, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ნდობაზე დამყარებული საარჩევნო სისტემა საქართველოში", - განაცხადა გიორგაძემ.