თბილისი საკრებულომ საბურთალოს ოლქში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დავით გელაშვილს უფლებამოსილება შეუწყვიტა. საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, გელაშვილმა ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო და საკრებულოს წერილობით თხოვნით მიმართა.
საკრებულოს ოპოზიციურმა წევრებმა კობა დავითაშვილმა, თინა ხიდაშელმა და ინგა გრიგოლიამ აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობისგან განმარტებები მოითხოვეს.
მათი შეფასებით, გელაშვილი მოსახლეობის მიერ არჩეული საკრებულოს წევრია და ამიტომ ადამიანებს აინტერესებთ თუ რატომ ხდება ისე, რომ მათ მიერ არჩეულ კანდიდატს საკრებულოს მესამე სხდომაზე უფლებამოსილება უწყდება.
"რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელის განცხადებით, საინტერესო იქნებოდა თუ გელაშვილი საკრებულოს დღევანდელ სხდომას დაესწრებოდა და აღნიშულთან დაკავშირებით განმარტებებს თავად გააკეთებდა.
ხიდაშელის თქმით, მას ინფორმაცია აქვს, რომ დავით გელაშვილს სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემები აქვს და უახლოეს მომავალში შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.