ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას მცოცავი ანექსიის ხელშეწყობაში ადანაშაულებს და ითხოვს, რომ კონფლიქტის ზონების მოსაზღვრე სოფლებისადმი განსაკუთრებული პირობები დაუყონებლივ ამოქმედდეს. ეს მოთხოვნა ბაღათურიამ დღეს შიდა ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.
გორის რაიონის სოფლების ქვემო და ზემო ხვითის და ნიქოზის მოსახლეობა დღეს პარლამენტთან წყლის მიწოდების მოთხოვნით აქციას მართავდა. ჯონდი ბაღათურიამ მათ პარლამენტის წინ აქციაზე შეხვდა.
როგორც ბაღათურიმა განაცხადა, ხელისუფლებას ეს მოსახლეობა უყურადღებოდ ჰყავს მიტოვებული, რის გამოც მოსახლეობა იძულებულია თავისი საცხოვრებელი ადგილები მიატოვოს და სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ "ხელისუფლება უყურადღებობით მცოცავ ანექსიას უწყობს ხელს".
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში ადამიანები ყველაზე დაუცველ პირობებში არიან და ითხოვს, რომ ამ ზონის მოსახლეობისათვის ამოქმედდეს სპეციალური პროგრამა, რომლის მიხდევითაც ეს მოსახლეობა სოციალურად დაუცველი ოჯახების პროგრამაში ჩაერთვება.
ბაღათურია მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა ამ მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
რაც შეეხება სარწყავი წყლის პრობლემას, ჯონდი ბაღათურია ამ პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდნა თანხის გამოყოფას ითხოვს. მისი განმარტებით, სარწყავი წყლის პრობლემის გადასაჭრელად ნიქოზში დაწყებულ სარწყავი მოწყობილობის დასრულებაა საჭირო და მთავრობისგან ითხოვს, რომ ამისთვის გამოყოს ბიუჯეტიდან თანხა და აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჯონდი ბაღათურია უახლოეს დღეებში გორის რაიონში ჩასვლას გეგმავს, რათა მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნოს და დეპუტატებსაც მოუწოდებს, რომ ამ ადამიანების პრობლემების მოგვარებაზე უფრო მეტი იფიქრონ.