დღეს, 12:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეები" საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან და საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან შეხვედრებს იწყებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან შეხვედრა დღეს, ხოლო საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წარმომადგენლებთან - 9 ივლისს, 12:00 საათზე, "ახალი მემარჯვენეების"ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
"საქართველოში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის კონსტიტუციის ახალი ვარიანტის შემუშავება, რომელშიც ჩართულია როგორც კონსტიტუციურ რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისია, ისე საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიაც. "ახალი მემარჯვენეები" აპირებს აქტიურად ჩაერთოს საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავების პროცესში", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.