ბათუმში, საქალაქო სასამართლოსთან „თანასწორობის მოძრაობის“ წევრების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
აქციის მონაწილეები პოლიციის მხრიდან მოძრაობის წევრების ლევან ბერიანიძესა და თორნიკე კუსიანზე განხორციელებულ შესაძლო ძალადობას გააპროტესტებენ.
"Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ბერიანიძე და გამგეობის წევრი, თორნიკე კუსიანი 25 აგვისტოს ქალაქ ბათუმის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა.
პოლიციელების მხრიდან დაკავებულებზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა, გამოყენებული იქნა დამამცირებელი და დამცინავი ჰომოფობიური მიმართვები
26 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ვიკრიბებით ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მხარდასაჭერად, ჩვენი მიზანია, შევაჩეროთ სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების ტერორი, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ხელისუფლების უმოქმედობა პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე და წინ აღვუდგეთ ადამიანების ჩაგვრასა და დამცირებას.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ-მინისტრს, ვიცე პრემიერებს, პარლამენტის წევრებს, საქართველოს პროკურატურას:
დაუყოვნებლივ გამოძიებული იქნას ლევან ბერიანიძისა და თორნიკე კუსიანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და დაისაჯონ მოძალადე პოლიციელები,
დასრულდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ლგბტ ადამიანების მიმართ გულგრილობა, ჩაგვრა, ჰომოფობიის წახალისება და ამ საკითხით პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირება.
დაიწყოს ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად სისტემური ცვლილებები, რაც გულისხმობს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა ბრძოლის წინააღმდეგ რეალური, ქმედითი პოლიტიკის შემუშავებისთვის.
პოლიციური ტერორი უნდა დასრულდეს!
სახელმწიფო არ უნდა იყოს თავისი მოქალაქეების მტერი!
არ დავუშვათ, რომ პოლიციას კიდევ ერთხელ შერჩეს ადამიანებზე ძალადობა და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობა!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს.
"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე ამბობს, რომ სამართალდამცავები მისი და მისი მეგობრების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჰომოფობიური სიტყვებით მოიხსენიებდნენ.
"პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ", - ციტირებს ლევან ბერიანიძე პოლიციელების სიტყვებს, რითაც მას და მის მეგობრების მიმართავდნენ.
მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა.
ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ.
მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ და აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას.
დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს.
შეგახსენებთ, "თანასწორობის მოძრაობის" წევრები პოლიციას ჰომოფობიურ ნიადაგზე ცემაში ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ. მათი ინფორმაციით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მოძრაობის წევრების ბრალდებებს გენერალური ინსპექცია სწავლობს.